სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის კომპლექსური პროექტი დასრულდა
13 ივნისი 2020ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაასრულა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის კომპლექსური პროექტი.
9 კომპონენტიანი პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) 50,6 მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა.
2017 წელს დაიწყო და 2018 წლის ზაფხულში დასრულდა პროექტის პირველი და ყველაზე სასწრაფოდ განსახორციელებელი ფაზა, რომელიც მოიცავდა წყნეთი-სამადლოს, წყნეთი-ახალდაბის და წყნეთი-ბეთანიის გზის რეაბილიტაციას. რეაბილიტირდა სტიქიის შედეგად დაზიანებული 4 კმ გზები და ტერიტორია. ამავე მონაკვეთის მეწყერ საშიშ ზონებში დამონტაჟდა ადრეული შეტყობინების სისტემა.
2018 წელს დასრულდა თბილისში მდინარე ვერეს კალაპოტში ორი ნატანდამჭერი ნაგებობების მშენებლობაც. ცხაური შეაკავებს მდინარის კალაპოტში მოხვედრილ ნატანს და დატბორვისგან დაიცავს მდინარე ვერეს ხეობაში განლაგებულ ხიდებს, გვირაბებსა და ქალაქის ტერიტორიას.
მდინარის გამორეცხვის თავიდან ასაცილებლად, „მზიურის“ პარკის მიმდებარედ მოეწყო ვერეს ნაპირსამაგრი ბეტონის 118 მეტრიანი საყრდენი კედელი. ასევე, გაიწმინდა მდინარის 4 კმ-იანი კალაპოტი და მისი ნაწილი მოექცა რკინაბეტონის კონსტრუქციის კედლებსა და არხში.
100 მეტრიანი რკინაბეტონის სანიაღვრე კოლექტორი მოეწყო დაბა წყნეთში, გურამიშვილის ქუჩაზე. თბილისში კი, ჭავჭავაძის #83-ის მიმდებარედ გამოფიტული და დაშლილი კლდოვანი ქანების ჩამოშლის პროცესების აღსაკვეთად, გაკეთდა ბეტონის 205 მეტრიანი საყრდენი კედელი.
საყრდენი კედლები მოეწყო სოფელ ახალდაბაშიც, რომელიც არეგულირებს ძლიერი წვიმის დროს ხევის ჩამონადენს და უზრუნველყოფს მის ზემოთ მდებარე საცხოვრებელი სახლების მდგრადობას.
დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ოფიციალურად დაასრულა ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული კომპლექსური პროექტის ბოლო ფაზა - „მზიურის“ პარკის რეაბილიტაცია.
სრულად განახლდა 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარე გამწვანება და პარკი.
აღდგა პარკში არსებული მოზაიკები, ხიდები, კიბეები და გამოიცვალა ყველა სახის კომუნიკაცია: კანალიზაცია, სასმელი წლის, ირიგაციის, ხანძარსაწინააღმდეგო და გარე განათების სისტემები.
პარკის ტერიტორიაზე მოეწყო ველო ბილიკები, სკამები, ურნები, ფანჩატურები, სასმელი წყლის სოკოები, დასასვენებელი ადგილები და დაიდგა ზონირების შესაბამისი ნიშნები.
ასევე, პარკის ტერიტორიაზე გაკეთდა ხელოვნური ტბა, სკეიტბორდის და საბავშვო გასართობი მოედნები.
თბილისს კიდევ ერთი კეთილმოწყობილი, მრავალ ფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატა.
პარკში შეიქმნა ისეთი ტიპის სპორტული, კულტურული და რეკრეაციული სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს გახდის “მზიურს“ ყველა ასაკის ადამიანისათვის. განახლებული ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების პირებისთვის.
„მზიურის“ განახლებული პარკი გადაეცემა თბილისის მერიას.